სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებული ფორმით გრძელდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ვინაიდან ბავშვის განვითარებისთვის ბუნებრივ გარემოში სწავლა არის უმნიშვნელოვანესი. აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

„მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა და ახლაც ტარდება იმისთვის, რომ ჩვენ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში შევინარჩუნოთ. ორი წლის განმავლობაში საკმაო გამოცდილება შეიძინეს სკოლებმა, მათ აქვთ ძალიან დეტალურად გაწერილი პროტოკოლი, რომელსაც მიჰყვებიან და ამ პროცესში ჩართულია ყველა: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურსცენტრები და სკოლები. ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალური რესურსებით, თუმცა მთავარია, რომ ისინი არიან აღჭურვილი შესაბამისი ცოდნით, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში. როგორც თქვენთვის ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, დღესაც ყველა მშობელს ეძლევა საშუალება, აირჩიოს დისტანციური სწავლების ფორმა, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლიან. მინდა გაგაცნოთ სტატისტიკა – ჩვენ გვაქვს 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლა, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯამში 201 სკოლაა გადასული დისტანციური სწავლების ფორმაზე. ეს ის ციფრია, რომლის გაჟღერებაც აუცილებლად ჩავთვალე საჭიროდ. მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებაც. ამ პროცესში ჩართულია არა მხოლოდ ჯანდაცვის სეგმენტი, არამედ თავად სკოლის ექიმებიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად უზრუნველვყავით 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმის გადამზადება, რათა ისინიც ჩაერთონ ამ პროცესში. თუ მასწავლებელი არ არის აცრილი ან აცრილია ერთჯერადად, მას უტარდება სწრაფი ტესტი კვირაში ერთხელ, ხოლო თუ ორჯერადად ვაქცინირებულია, მას ტესტირება ჩაუტარდება ორ კვირაში ერთხელ. როგორც უკვე გითხარით, ტესტირების პროცესში ჯანდაცვის ცენტრებთან ერთად ჩართული არიან ჩვენი სკოლის ექიმებიც. დისტანციურ სწავლებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ საერთაშორისო რეკომენდაციებით, ეს არის შეზღუდვების ყველაზე ბოლო ეტაპი. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად იზრდება ჩვენი მუშაობის ტემპი და ჩართულობა მართვის პროცესში. სკოლებს აქვთ წინასწარ გაწერილი, უკვე აპრობირებული ჯანდაცვის პროტოკოლი. ზუსტად ვიცით, სად რას ვაკეთებთ და როგორ ვიქცევით. რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან ეს პროცესი ასმაგად კონტროლდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლების თანადგომა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოგვცა საშუალება, ყოველ ხუთშაბათს მშობლებმა დაარეგისტრირონ მოსწავლეები ონლაინპლატფორმის საშუალებით და აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, სადაც ამას ჩათვლიან საჭიროდ. მოვუწოდებ სრულიად სასკოლო საზოგადოებას, გამოიჩინონ მაქსიმალურად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დაგვეხმარონ, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შევინარჩუნოთ. ჩვენი მხრიდან ამისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები