ექიმი – სააკაშვილზე: მისი ფსიქო-ნევროლოგიური, თერაპიული რეაბილიტაცია გორის საავადმყოფოში უფრო შესაძლებელი იყო

“ის სომატური დარღვევები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აქვს და გამოწვეულია შიმშილობით, არ არის მოხსნილი. პირიქით, არანაირი გაუმჯობესება ამ თვალსაზრისით არ არის”, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ მედიკოსთა კონსილიუმის ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ფსიქო-ნევროლოგიური, თერაპიული რეაბილიტაცია გორის საავადმყოფოში უფრო შესაძლებელი იყო.

“ის სომატური დარღვევები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს და გამოწვეულია შიმშილობით, არ არის მოხსნილი. პირიქით, არანაირი გაუმჯობესება ამ თვალსაზრისით არ არის. ამ დიაგნოზს სჭირდება მკურნალობის სამი მიმართულება – სტრესი უნდა იყოს მოხსნილი, ფსიქოთერაპია უნდა იყოს მრავალმხრივი და უნდა ჩატარდეს მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც დამხმარე ხასიათს ატარებს. მას სტრესი დღემდე მოხსნილი არ აქვს და ფსიქოთერაპიული მკურნალობა არ უტარდება, შესაბამისად, მისი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით არ უმჯობესდება. მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამას ვერ ვხედავთ. დეპრესია დარჩება ამ დონეზე თუ გაღრმავდება, რთული სათქმელია.

ჩემი პირადი აზრია, რომ მისი ფსიქო-ნევროლოგიური, თერაპიული რეაბილიტაცია გორის საავადმყოფოში უფრო შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული, ნაკლებად რეალურია, რომ მკურნალობა წარმატებით მოხდეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. საჭიროა ფსიქოლოგის ჩართვა და ფიზიკური რეაბილიტაცია, ამასთან, ჯერ კიდევ არის კვების პრობლემები და სრულფასოვანი კვება არ დაუწყია. არაფერი არ არის გამორიცხული, თუ კიდევ დაიწყებს შიმშილობას, მისი ნებისმიერი რადიკალური ნაბიჯი კარდინალურად დააზიანებს მის ჯანმრთელობას“, – აღნიშნა გრიგოლიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები