გიგი უგულავა: დახარჯეს ბიუჯეტის ფული ამ სისულელეში და დაადგინეს შუალედური – არც მწვადი დაწვეს და არც შამფური
“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან საერთაშორისო თვალსაზრისით, ისევე, როგორც შიგნით, კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევდა”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.
უგულავას შეფასებით, აღნიშნული საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო.
“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან, საერთაშორისო თვალსაზრისით, ისევე, როგორც შიგნით, კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევდა. თვითონ ეს საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო. ძალიან კარგად იცოდა ყველა პროკურორმა, მათ შორის, შოთაძემაც, რომ არანაირი ფულის გათეთრება ამ საქმეში არ იყო, მაგრამ სამი წელი აწვალეს ხალხი, დახარჯეს ბიუჯეტის ფული ამ სისულელეში და დაადგინეს შუალედური – არც მწვადი დაწვეს და არც შამფური. დაჭერა არ უნდოდათ, მაგრამ მისცა პიარს, კოლექტიურ ოხანაშვილს საკვები, რომ ილაპარაკონ აი, ხომ ვამბობდით ესენი დამნაშავეები არიან. კოლექტიურ ოხანაშვილს, კოლექტიურ ნინო წილოსანს მისცა პოლიტიკური საკვები. სინამდვილეში გამოვლინდა ერთადერთი რამ, რომ ივანიშვილის სამართლებრივ თაღლითობაში ჩართულია სასამართლო და პროკურატურა”, – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ავთანდილ წერეთელი და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, დევნის ხანდაზმულობის გამო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.