სალომე სამადაშვილი: ინსპექტორის სამსახურის მიმართ სადამსჯელო ოპერაცია ხორციელდება
“მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ომბუდსმენთან ერთად ინსპექტორის სამსახური თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაში. სწორედ იმიტომ, რომ ამ ინსტიტუტმა შეასრულა საკონსტიტუციო ვალდებულებები, მის წინააღმდეგ ხორციელდება სადამსჯელო ოპერაცია”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მოტივირებულია, რომ მოქალაქეების დასაცავად შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო გააუქმოს.
„სადამსჯელო ოპერაციის გარდა ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ – დაჩქარებული წესით საგანგებო სესიაზე იმ კანონპროექტის მიღებას, რომელსაც მკვეთრად და აშკარად ეწინააღმდეგებიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. არ მახსენდება პარლამენტში მოსული, აშშ-ის ელჩი სწორედ იმ მიზნით, რომ შეჩერდეს კანონის მიღება. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის მოტივირებული გააუქმოს მოქალაქეების დასაცავად შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო. ამასთან, ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ ალტერნატიული კანონპროექტის და მზად ვართ, რომ შევიდეთ იმ ცვლილებების განხილვაში, რომელიც აუცილებელია, თუმცა ამას სჭირდება დრო და დაჩქარებული წესით ხელისუფლების კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს და გადაიდოს შემდგომი სესიისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.