გივი მიქანაძე: გავცემთ რეკომენდაციას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულები გაითვალისწინონ ორ ახალ სამსახურში
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები არიან მართლაც რომ საუკეთესოები იმ კუთხით, რომ ცოდნასთან ერთად აქვთ უკვე დაგროვილი გარკვეული გამოცდილება”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, მათი რეკომენდაცია, თანამშრომლების დასაქმება იქნება.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები არიან მართლაც რომ საუკეთესოები იმ კუთხით, რომ ცოდნასთან ერთად აქვთ უკვე დაგროვილი გარკვეული გამოცდილება, იმიტომ რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებენ ამ ფუნქციებს. და ჩვენი მხრიდან, როდესაც ეს ორი ახალი სამსახური შეიქმნება, გავცემთ რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ის, რომ თანამშრომლები, რომლებიც შესაბამისი ფუნქციებით დღეს არიან დასაქმებულები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, იქნენ გათვალისწინებულნი იმ ორ სამსახურში“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება და ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.