დავით უსუფაშვილი: ნატო ელოდება საქართველოს, როგორც მომავალ წევრს

ნატო ელოდება საქართველოს, როგორც მომავალ წევრს და რომ ეს პროცესი გრძელდება და მას ვერავითარი სხვა მოვლენა, ვერავითარი სხვა მოთამაშე სახელმწიფო თუ პოლიტიკური ძალა, ხელს ვერ შეუშლის. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჰიუ ბეილისთან და ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შეხვედრაზე მხარეებმა მოახლოებული უელსის სამიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნატოს სამიტზე მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილებები, რომელიც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და ასევე გააძლიერებს ნატოს პოზიციებს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველის პოზიციებს.
“ასამბლეის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს საქართველოში ჩამოვიდნენ მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან. მათი დიდი დამსახურებაა ის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც საქართველოს დელეგაციაც არის წარმოდგენილი, ყოველთვის ატარებდა ძალიან თანმიმდევრულ პოლიტიკას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ცოტა ხნის წინ მიღებულ დეკლარაციაში მათ მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ნატო ელოდება საქართველოს, როგორც მომავალ წევრს და რომ ეს პროცესი გრძელდება და მას ვერავითარი სხვა მოვლენა, ვერავითარი სხვა მოთამაშე სახელმწიფო თუ პოლიტიკური ძალა, ხელს ვერ შეუშლის. დღევანდელი ჩამობრძანება სტუმრებისა, რომლებიც მოგზაურობენ ქვეყნებში, სადაც ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მზერა მიპყრობილია ნატო-ს სამიტისაკენ, რომელიც სექტემბერში უელსში გაიმართება. დღევანდელი მსჯელობა სწორედ ამ მოვლენას შეეხო. გვაქვს ურთიერთგაგება, რომ უელსის სამიტზე მიღებულ უნდა იქნას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და გააძლიერებს ნატო-ს პოზიციებს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველის პოზიციას. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ გადაწყვეტილების შინაარსი უნდა იყოს სწორედ ეს – ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასათვის, რომ პროცესი გრძელდება და გრძელდება წარმატებით”, – განაცხადა ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები