ირაკლი ღარიბაშვილი – გვაქვს ძალიან მკაფიო სურათი და ხედვა, როგორ განვავითაროთ ეკონომიკა, მრეწველობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა

ჩემი ხედვა იყო, ყველა სამინისტროს გაემზადებინა არა 1-2-წლიანი, არამედ გრძელვადიანი, მინიმუმ ათწლიანი განვითარების გეგმა და ხედვა; თუ ჩვენ, ქვეყანამ და ხალხმა არ ვიცით, სად მივდივართ, სად გვინდა, რომ ვიყოთ წელს, ორი წლის შემდეგ, ათი წლის შემდეგ, რთულია ორიენტირება, რთულია, დაგეგმო შენი მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ათწლიანი განვითარების გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მისი დავალებით ყველა უწყებამ შეიმუშავა და აღნიშნა, რომ არსებობს ძალიან მკაფიო სურათი და ხედვა, მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით.

„ამიტომ, მე დავავალე ყველა მინისტრს და უმოკლეს ვადაში, პრაქტიკულად ჩვენ 6 თვეში დავასრულეთ, ყველა უწყებას ჰქონდა პრეზენტაცია. პირველი დრაფტები ჩვენ დაახლოებით 3 თვეში გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში მთელი დოკუმენტი შეიკრა 6 თვეში. ეს არის ის ჩარჩო-დოკუმენტი, სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ ეკონომიკა, მრეწველობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, რეგიონები, ყველა მიმართულება, ჯარი, პოლიცია, ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა. გვაქვს ძალიან მკაფიო სურათი და ხედვა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მათ შორის რიკოთის უღელტეხილზე.

„რიკოთის მონაკვეთი სრულად დასრულდება 2024-ში და მთლიანად გაიხსნება. ეს არის გრანდიოზული, ისტორიული, საუკუნის პროექტი, საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ ეს იქნება თაობებისთვის, საშვილიშვილო პროექტია. ეს იქნება და იქნება, ამხელა მაგისტრალები და თბილისიდან ბათუმში ჩავალთ 3,5 საათში. წითელი ხიდიდან სარფამდე სულ რაღაც 4,5 საათი დაგვჭირდება. ასევე დავიწყეთ ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, 7-კილომეტრიანი გვირაბი, რომლისთვის ჩინეთში დამზადდა სპეციალური გვირაბის მთხრელი მანქანა-დანადგარი და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეს დაახლოებით მილიარდი ჯდება. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ზამთრის პერიოდში ზვავსაშიშროებაა და იკეტება გზა. 1 საათში ჩავალთ გუდაურში და ყაზბეგში – 1,5 საათში, როცა ეს ყველაფერი დასრულდება. ეს დასრულდება სულ რაღაც 3 წელში. კახეთში დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ აშენდეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, შიდა გზებს და ინფრასტრუქტურას სჭირდება მოვლა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები