ძალადობის მსხვერპლთათვის და სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის წესის შემუშავება გადავადდება
ძალადობის მსხვერპლთათვის და სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის წესის შემუშავება გადავადდება. მოქმედი კანონით, აღნიშნული წესის შემუშავება 2022 წლის 1-ელი იანვრისთვის უნდა მომხდარიყო, თუმცა აღნიშნული ვადა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწევს.
შესაბამისი ცვლილებები “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონში შედის, რომელსაც 28 დეკემბერს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ.
ვადის გადაწევის ინიციატორი მთავრობაა.
როგორც მთავრობა განმარტავს, 2021 წლიდან პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა “სოციალურ კოდექსის” შემუშავებაზე, რომელიც სოციალური დაცვის ისეთ მიმართულებებს და სქემებს დაფარავს, როგორიცაა სოციალური დახმარებები, მათ შორის დევნილთა დახმარებები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, პენსიები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები, ასევე დასაქმების საკითხები და სხვა.
“შესაბამისად, “სოციალური კოდექსის” შემუშავების პროცესში ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები. ამდენად, მიზანშეწონილია, მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხები დარეგულირდეს სოციალური კოდექსით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების ერთიან კონტექსტში”, – განმარტავს მთავრობა.