მამუკა მდინარაძე: მოსამართლე და სასამართლო სისტემა უნდა იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი
“მოსამართლე და სასამართლო სისტემა უნდა იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი, სხვა მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ შორის პოლიტიკურადაც. ამისი დაკონკრეტება კიდევ უფრო მკაფიოს აჩენს ამ პრინციპს”, – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
,,თქვენ ეწინააღმდეგებით იმას, რომ მოსამართლე უნდა იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი. არის თუ არა ეს სწორი? თუ ეს დაკონკრეტება უფრო მეტად უზრუნველყოს რომელიმე მოსამართლის სასამართლო სისტემის აპოლიტიკურობას, ეს თქვენთვის მისაღებია თუ მიუღებელი? მე მგონი, მისაღებია. რადგან მისაღებია, თქვენ გამეცით პასუხი. თქვენ თვითონ დამეთანხმეთ, რომ არის სწორი. შესაბამისად, ამისი მკაფიოდ გაწერა სხვა საფრთხეს და რისკს პირიქით კი არათუ გააჩენს, არამედ დააზღვევს და დამზღვევი ნორმა, რომელიც ობიექტურობას, დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას უფრო მეტად გარანტირებულს ხდის შეუძლებელია იყოს ცუდი. ეს არის მარტივი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გამომდინარეობს ეს ცვლილებაც”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.