ივანე ჩხაიძე: “ბუსტერ” დოზის გაკეთების ვადის სამ თვემდე შემცირება შესაძლებლობაა ადამიანებისთვის, იმუნური პასუხის გაძლიერებით ეფექტურად შეებრძოლონ კორონავირუსს

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანლის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში “ბუსტერ” დოზის გაკეთების ვადის დაწევა სამ თვემდე დროული გადაწყვეტილებაა, რადგან, მისი თქმით, “ბუსტერი” ერთადერთი საშუალებაა “ომიკრონისგან” დასაცავად.

ჩხაიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება თანხვედრაშია ევროპის ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან.

„ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მეორე დოზის გაკეთების შემდეგ ბუსტერის ვადად განისაზღვრა სამი თვე. ეს არის შესაძლებლობა ადამიანებისთვის “ბუსტერ” დოზით, იმუნური პასუხის გაძლიერებით, ეფექტურად შეებრძოლონ კორონავირუსს და ეს არის სწორედ, რაც ახლა ქვეყანას სჭირდება. “ბუსტერ” დოზის გაკეთების ვადის სამ თვემდე შემცირება იქნება ის რეალური შესაძლებლობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს კორონავირუსის ინფიცირებისგან, ასევე საავადმყოფოში მოხვედრისას მძიმე შემთხვევების განვითარებისა და ლეტალობისგან თავის დაცვის საშუალებას მისცემს. საქართველოში მიღებული ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია ევროპულ გადაწყვეტილებასთან“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია ბუსტერდოზის გაკეთება ნებისმიერი ვაქცინისთვის უკვე მესამე თვიდან იყოს შესაძლებელი. მანამდე, ბუსტერდოზის გაკეთება „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზიდან 5 თვეში იყო შესაძლებელი, ხოლო „სინოფარმისა“ და სინოვაკის“ ჩატარებიდან სამ თვეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები