რაზე ისაუბრეს ხატია დეკანოიძემ და პრეზიდენტმა – შეხვედრა დასრულდა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, საუბარი პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შეეხო.
“როგორც პრეზიდენტმა თქვა, გაგრძელდება პარტიების წარმომადგენლობებთან შეხვედრები უფრო ვრცელ ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიიდანაც იქნება წარმომადგენლობა, რომელიც შეხვდება პრეზიდენტს. ჩვენ ვისაუბრეთ, ზოგადად, როგორ გვესმის და მე როგორ მესმის ეს საკითხი. ჩვენი ყველაზე მძიმე მოცემულობა არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის ყველაზე დიდი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის. პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას ქვეყნისთვის, ის რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მათ შორის პოტენციური პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში, ეს რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს, გადაწყდეს. მე გავუზიარე, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულება ასევე ქმნის დაბრკოლებას ევროატლანტიკური მომავლისთვის. მან მომისმინა, ერთმანეთს მოვუსმინეთ, მოხდა აზრების გაცვლა. მისი წარმოდგენით, არის ის მოცემულობა, რომ ძალიან რთული ხდება უკვე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დამკვიდრება. ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არის უმნიშვნელოვანესი დაბრკოლება, ესეც გაიზიარა. მზაობა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, არსებობს. ჩემი განწყობა არის პოზიტიური უფრო იმიტომ, რომ როდესაც არსებობს კიდევ ერთი ფორმატი იმის, რომ ჩვენ ამ მძიმე მოცემულობიდან გამოსავალი მოვძებნოთ, მე ვფიქრობ, ეს არის პოზიტიური მოლოდინი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.