მარინა ენდელაძე: “ომიკრონი” ძალიან სწრაფად ვრცელდება, ამდენად, ინფიცირებულების რაოდენობა უფრო მეტი იქნება
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი – “ომიკრონი” ძალიან სწრაფად ვრცელდება, ამდენად, ინფიცირებულების რაოდენობა უფრო მეტი იქნება.
მისივე თქმით, მოსალოდნელია ჰოსპიტალური სექტორის ისევ გადატვირთვა.
“არის მაღალ კონტაგიოზური, ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამდენად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება ინფიცირებულების რაოდენობა. კარგია, რომ მონაცემებით ჯერჯერობით არის უფრო მსუბუქად მიმდინარე დაავადება, თუ ეს მართლაც ნამდვილად ასეა. მაგრამ რამდენად მსუბუქადაც მიმდინარე დაავადება არ უნდა იყოს, ხანში შესულებსა და ზოგიერთ ადამიანში შეიძლება, წავიდეს მძიმედ, რა თქმა უნდა, როდესაც ბევრი იქნება და მძიმე, ჰოსპიტალური სექტორი ისევ გადაიტვირთება”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში “ომიკრონის” ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.