ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 48 %-ით, რეისების რაოდენობა კი 65 %-ით აღდგა

პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა.

„2021 წლის ნოემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 34,217 მგზავრს მოემსახურა. (2019 წელი 72,032 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. ნოემბრის თვეში, აეროპორტში რეისების 65% აღდგა და მოემსახურა 163 რეისს. ( 2019 წელი – 250 რეისი).

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. 15 დეკემბრიდან კი ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi იწყებს. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმაWizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა. მისი ბაზა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მდებარეობს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს აბუ დაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები