გაბუნია: “ომიკრონი” ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა, მნიშვნელოვანია ვაქცინა, მე-3 დოზა

“ჯერჯერობით, “ომიკრონის” შემთხვევა ქვეყანაში დადასტურებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სწრაფი გავრცელებისა და მიგრაციის გამო, რისკები არსებობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის დაცვის ეფექტი “ომიკრონთან” მიმართებით ძალაში რჩება, განსაკუთრებით კი მესამე – “ბუსტერ” დოზაზე კეთდება აქცენტი.

“ომიკრონი”, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან წამოვიდა, ნოემბრის 8 რიცხვიდან არის ეჭვი, რომ სამხრეთ აფრიკაში გაჩნდა, შემდეგ 24 ნოემბერი იყო, როდესაც პირველად შეტყობინება ოფიციალური სახით გაკეთდა ამ შტამთან დაკავშირებით, 63-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული, რა თქმა უნდა, ჩვენც ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. დღეს არის ქვეყანაში იმის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა იქნეს გამოკვლეული და სექვინირების გზით დავადგინოთ, თუ საქმე გვაქვს “ომიკრონთან”. ჯერჯერობით შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო, რისკები არსებობს და გამომდინარე აქედან, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება, რაც ქვეყანამ უკვე დაიწყო, მაშინვე, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა. ასევე, პირადი დაცვის საშუალებები, კოვიდრეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვაქცინის დაცვის ეფექტი ძალაში რჩება “ომიკრონთან” მიმართებით, განსაკუთრებით მესამე – “ბუსტერ” დოზაზე კეთდება აქცენტი. ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, საეჭვო შემთხვევები, რომლებიც გამოვლინდა შევისწავლეთ რამდენიმე და “ომიკრონი” არ დადასტურდა”, – აცხადებს გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები