კომუნიკაციების კომისიამ ევროპულ სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებს მედიაწიგნიერების ტრენინგები ჩაუტარა
კომუნიკაციების კომისია განაგრძობს კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლებში, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერმა ევროპულ სკოლაში სამ სამიზნე ჯგუფს – III და IV კლასის მოსწავლეებს, VII და VIII კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ყალბი ახალი ამბების აღმოჩენის გზებზე ტრენინგები ჩაუტარა.
ტრენინგს III და IV კლასის 30-მდე მოსწავლე ესწრებოდა, რომლებმაც ინტერნეტში არსებული საფრთხეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და ისწავლეს, თუ როგორ დაიცვან თავი ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან. მედიაწიგნიერების ტრენერმა მოსწავლეებს ასევე ონლაინ აპლიკაცია „HAPPY ONLIFE“ გააცნო, რომელიც სწორედ ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციის მიზნით შეიქმნა და რომელიც მოზარდებს თამაშის პრინციპით ასწავლის ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებას. ყალბი ამბების აღმოჩენის ტექნიკებსა და მეთოდებთან დაკავშირებით ტრენინგი VII და VIII კლასის 15-მდე მოსწავლეს ჩაუტარდა. ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ აღმოაჩინონ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული FAKE NEWS და როგორ გაარჩიონ ყალბი ინფორმაცია ნამდვილი ამბისგან.
ტრენინგი ჩაუტარდათ ასევე სკოლის 10-ზე მეტ პედაგოგს, რომლებიც დეზინფორმაციასთან გამკლავებაში გადამზადდნენ. მასწავლებლებმა მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია. ტრენინგის ფარგლებში მიღებული გამოცდილება მათ დაეხმარებათ მოსწავლეებს გაუზიარონ ცოდნა და თავად ასწავლონ, როგორ გაარჩიონ ფაქტი მოსაზრებისგან და აღმოაჩინონ დეზინფორმაცია. კომუნიკაციების კომისია სკოლებში მედიაწიგნიერების ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.