კორონავირუსის ლეტალური შედეგები ორსულებში და აცრის მნიშვნელობა – სპეციალისტის რჩევები და რეკომენდაციები
„ბათუმში კორონავირუსით 25 წლის ორსული გარდაიცვალა“, „დედოფლისწყაროელი 36 წლის ორსული კოვიდს ემსხვერპლა“, „covid-19-ით 34 წლის ქალი გარდაიცვალა, დაიღუპა ახალშობილიც“ – მსგავსი შემზარავი ცნობები გარდაცვლილ ორსულებზე, ზოგჯერ გადარჩენილ, ზოგჯერ კი მათთან ერთად დაღუპულ ჩვილებზე, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა. ასევე მატულობს ორსულების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც, რომლებიც სამწუხაროდ, ზოგჯერ ლეტალური შედეგით სრულდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, როგორც ირკვევა, ვაქცინაზე უარის თქმა, ზოგ შემთხვევაში კი დაგვიანებული მკურნალობაა.
მიუხედავად იმის, რომ ვაქცინაცია ორსულებისთვის უკვე დაშვებულია, აღმოჩნდა, რომ ქალები ამ საკითხზე საკმარისად ინფორმირებულები არ არიან. ამას ემატება ისიც, რომ ანტივაქსერული კამპანიის ფონზე, აცრებზე არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც მოსახლეობის ნაწილში შიში გაჩნდა.
სპეციალისტების თქმით, COVID-19-ის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ კომპონენტს. იგი უსაფრთხოა ორსულებისთვის. კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები გადიან ტრანსპლაცენტარულ ბარიერს, რაც ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ვირუსის მიმართ.
მიეკუთვნებიან თუ კორონავირუსის დროს ორსულები რისკის ჯგუფს, იცავს თუ არა ორსულს ვაქცინა კოვიდისგან, არის თუ არა რისკის შემცველი და ორსულობის რა ვადაზეა სასურველი ვაქცინაცია?- ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან თემებზე მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგ ნინო იმერლიშვილს ვესაუბრეთ.
– ქალბატონო ნინო, თავდაპირველად გვითხარით, მიეკუთვნებიან თუ არა ორსულები რისკის ჯგუფს?
– დიახ, ორსულები მიეკუთვნებიან განსაკუთრებულ რისკჯგუფს, რადგან ორსულობის პერიოდში, ზოგადად, იმუნური სისტემის სუპრესია- დათრგუნვა მიმდინარეობს, რის გამოც ინფიცირების რისკი უფრო მაღალია.
– რამდენად რისკის შემცველია ვირუსი ნაყოფისთვის?
– covid ინფექციის გადაცემა ფეტოპლაცენტალური გზით, ანუ დედიდან ნაყოფზე არ დასტურდება, რის გამოც ნაყოფის ინფიცირება მუცლადყოფნის პერიოდში პრაქტიკულად არ ხდება.
– როგორ ხდება კორონავირუსით დაავადებული ორსულების მკურნალობა, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია თუ სახლის პირობებშიც შესაძლებელია ვირუსის მართვა?
– კოვიდ ინფიცირებული ორსულთა მეთვალყურეობა და მართვის პროტოკოლი, დამოკიდებულია დაავადების სიმპტომატიკაზე და კლინიკურ მაჩვენებლებზე,უმრავლესობა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და მსუბუქი ფორმის შემთხვევაში ხდება ბინაზე მართვა და მონიტორინგი. ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები არის იგივე, რაც დანარჩენ პოპულაციაში – სატურაციის დაბალი მაჩვენებელი, სუნთქვის უკმარისობა, ცხელება, რომელიც რთულად ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას და ა.შ. ვაქცინირებული ორსულების 98% არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
– რადგან ვაქცინაცია ვახსენეთ, აქვე გკითხავთ, იცავს თუ არა ორსულს ვაქცინა კოვიდისგან და არის თუ არა რისკის შემცველი ორსულის ვაქცინაცია?
– ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, აუცილებელია ყველა ორსულისთვის. ის იგივე პროცენტული მაჩვენებლით იცავს ორსულს,როგორც სხვა დანარჩენ პოპულაციას და დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ვაქცინით ხდება აცრა – ფაიზერი, მოდერნა და ა.შ. შესაბამისად, დაცულობის ინდექსი არის 90- 95%. სტატისტიკური მაჩვენებლები გვიდასტურებს, რომ ვაქცინაცია, პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა და ხელების დეზინფექცია, აკეთებს საუკეთესო პრევენციას ორსულებში და არის აუცილებელი. სამწუხაროდ, საქართველოს მაგალითზე, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ გარდაცვალების და ჰოსპიტალიზაციის ყველა შემთხვევაში ორსულების 98% იყო არავაქცინირებული.
– როგორც ვიცით, ზოგიერთ ვაქცინას აქვს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ტემპერატურა, კუნთების ტკივილი და ა. შ, ორსულების შემთხვევაში, აცრის შემდეგ თუ ფიქსირდება დამატებითი გვერდითი ეფექტი და რომელი?
– ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები როგორიცაა – ტემპერატურული რეაქცია, მიალგია არის ორგანიზმის ზოგადი რეაქცია, რომელიც ნებისმიერ ვაქცინაზე შეიძლება გამოვლინდეს. უმრავლეს შემთხვევაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ან მსუბუქი სიმპტომატიკით. ნებისმიერ შემთხვევაში სარგებელი აჭარბებს რისკს. სასურველია, ვაქცინაცია ჩატარდეს, ზოგადი ვაქცინაციის წესების დაცვით, რაიმე განსაკუთრებულ მომზადებას არ საჭიროებს
– ორსულობის რა ვადაზეა სასურველი ვაქცინაცია?
– არსებობდა მოსაზრება ,რომ ორსულთა ვაქცინაცია სასურველია მოხდეს მე-2 ტრიმესტრიდან,როდესაც დასრულებულია ემბრიოგენეზი. გარკვეული ქვეყნები ორსულთა ვაქცინაციას 1 ტრიმესტრიდან თვლიდნენ სავალდებულოდ. კვლევების საფუძველზე, რომელიც დაფუძნებულია ბევრ მტკიცებულებაზე, დადგინდა რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო, ორსულობის 1 ტრიმესტრიდან. აშშ-ში ჩატარდა კვლევა 35000 ორსულზე, კვლევამ აჩვენა, რომ 1 ტრიმესტრში ორსულების ვაქცინაცია მიმდინარეობს მსგავსად როგორც დანარჩენ პოპულაციაში და არანაირი უარყოფითი ზეგავლენა და გვერდითი ეფექტი არ ფიქსირდება.
– რა რჩევები და რეკომენდაციები გაქვთ ორსულებისთვის?
– ორსულებს უნდა ვურჩიოთ დროული ვაქცინაცია. ისინი არ უნდა ვაიძულოთ, რომ აიცრან, მაგრამ უნდა დავარწმუნოთ, დავამშვიდოთ და ავუხსნათ, რომ Covid 19 -ით ინფიცირება არის ბევრად საშიში ორსულობის დროს, თავისი გართულებებით და გვერდითი ეფექტებით, ვიდრე ვაქცინაცია, ამიტომ უნდა გვეშინოდეს ინფექციის და არა ვაქცინაციის. ვაქცინაციის დროს გამომუშავდება ანტისხეულები, რომელიც გადაეცემა ნაყოფს და იცავს ახალშობილს დაბადებიდან 1 თვის განმავლობაში. ამიტომ ვაქცინაცია არის დაცვა, როგორც ორსულის, ასევე ახალშობილის.