მოსამართლეთა დანიშვნის წესი იცვლება
მოსამართლეთა დანიშვნის წესში ცვლილებები შედის. “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე პარლამენტში მსჯელობენ. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მოსამართლე, თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნამდე, სამწლიან გამოსაცდელ პერიოდს გაივლის და მის საქმიანობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად შეაფასებს. შეფასება ორი კრიტერიუმის მიხედვით მოხდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი მოსამართლეებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს.
„შეფასება განხორციელდება ორი მთავარი კრიტერიუმის – კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შესაბამისად. თითოეულ ამ კრიტერიუმს გააჩნია ქვეკრიტერიუმები. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის შესაბამისად თითოეული შემფასებელი იტყვის, აკმაყოფილებს თუ არა ესა თუ ის მოსამართლე კეთილსინდისიერების ტესტს. ამის მერე მოხდება კომპეტენტურობის მიხედვით შეფასება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.
საკანონმდებლო ინიციატივა იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და მოსამართლეთა შეფასების სისტემა ახლად დანიშნულ მოსამართლეებს შეეხებათ.