„მედია ადვოკატირებისთვის“ – არჩევნების I და II ტურის მიმდინარეობისას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ან მედიაგარემოს დამაზიანებელი 37 ფაქტი გამოვლინდა
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრმა ორგანიზაციებმა მოამზადეს დოკუმენტი, რომელიც საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების I და II ტურისთვის არსებულ მედიაგარემოს აფასებს.
კოალიციის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებულად დაძაბულ გარემოში ჩატარდა და უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია უარყოფითად აისახა ჟურნალისტების შესაძლებლობაზე თავისუფლად მიეღოთ და ხელშეშლის გარეშე გაევრცელებინათ ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის შესახებ.
„კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მონიტორინგისა და მედიის მხარდამჭერი საქმიანობის შედეგად არჩევნების I და II ტურის მიმდინარეობისას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ან მედიაგარემოს დამაზიანებელი 37 ფაქტი გამოვლინდა. საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებას წინ უსწრებდა 2021 წლის 5 და 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური თავდასხმა, რაც დღემდე, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან სათანადო, დროული და ეფექტიანი რეაგირების მიღმა რჩება. ამასთან, 2021 წელს საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. მედიის წარმომადგნელების მიმართ ძალადობას კი, უმეტეს შემთხვევაში, ახალისებდა, როგორც სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობა, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლების აგრესიული, შეურაცხმყოფელი რიტორიკა. მედიასთან ურთიერთობის ხარვეზის ნაწილი იყო პოლიტიკური დებატების სიმცირეც“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.