ელისო ბოლქვაძე საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საბერძნეთის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვასილიოს დიღალაკისს და საბერძნეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, დიმიტრის კუველას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ისტორიულ, რელიგიურ და კულტურულ კავშირებზე, რაც დადებითად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კულტურის, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობაზე და ხაზი გაესვა ამ ტრადიციული ურთიერთობის ფორმატში პარლამენტის როლის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ საბერძნეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ფორმატის გაზრდასა და მეტი სტუდენტის სწავლის ხელშეწყობის თაობაზე, ხაზი გაუსვეს მრავალრიცხოვანი დიასპორის როლს ორივე ქვეყანაში და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის მშობლიური ენის სწავლების, კერძოდ, საჯარო სკოლებში ენის საპილოტე პროგრამების მოქმედების ხელშეწყობას.

„განვიხილეთ მომავალ წელს საქართველო-საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობის საკითხი საბერძნეთის დედაქალაქსა და რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ამავე ფორმატში, მომავალი წლისთვის იგეგმება, როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტები საქართველოში”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები