საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიღებით გაუმჯობესდება პირობები საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„საგადასახადო ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება სააგენტოსთვის გახდება ქმედითი ბერკეტი ეფექტიანად უზრუნველყოს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ სათანადო ანალიტიკური თუ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებას და სააგენტოს საშუალება მიეცემა მეტად ეფექტურად განახორციელოს შესაბამისი მონიტორინგი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა.
„რეგულირების საფასურის შესახებ“ კანონში გამარტივებული წესით ცვლილება შედის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე, სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტო რეგულირების საფასურის ნაწილს მიმართავს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე მისი ბიუჯეტის ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების განსახორციელებლად.
კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემებისთვის,, ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება.
დღესვე დეპუტატებმა განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.