მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და ძვირფასი ქვების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“ და „სადახლო-საავტომობილო“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკურად, ისევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ძვირფასი ქვები გამოვლინდა. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ბათუმის აეროპორტში მომხდარი ფაქტი, სადაც თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა 47 377 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები მალულად შემოეტანა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 56 348,51 ლარი შეადგინა.საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 8 971,51 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო სამართალდამრღვევი თურქმენეთის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.