თბილისის მერი: შესაძლოა, არ გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ოპოზიციასთან თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია

“შესაძლოა, არ გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ოპოზიციასთან თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ “ფეისბუქზე” პირდაპირ ეთერში მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანობასა და პასუხისმგებლობიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან ქვეყანასა და თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს.

„გუშინ დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. მინდა, მადლობა გადავუხადო საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ყველა იმ დეპუტატს, ვინც იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის დაპირებები, რომლებიც საარჩევნო პროგრამის სახით არის წარმოდგენილი, ზედმიწევნით შევასრულოთ.

გუშინდელ მიმართვაში, ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნაწილში ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ვყოფილიყავით კონსტრუქციული და ეს არ ყოფილიყო ისე, როგორც განვლილი ოთხი წლის განმავლობაში იყო – არანაირი კომუნიკაცია და ურთიერთობა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განცხადება გავაკეთეთ და ვთქვით, რომ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯს, რომ თანამშრომლობა დავიწყოთ. შესაძლოა, არ გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ოპოზიციასთან თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია.

მათ ვუთხარით და გულწრფელად მინდა, მჯეროდეს, რომ პოლიტიკური კონკურენციის, სამწუხაროდ, ხშირად დაპირისპირების მიუხედავადაც კი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, საკუთარი აგური დადონ ამ საქმეში. მქონდა წარმოდგენა, რომ ყველაფრის მოუხედავად, შეძლებდნენ, იყვნენ კონსტრუქციული, რადგან ამ ქალაქის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მათ დაუჭირა მხარი და მისცა შესაძლებლობა, რომ დედაქალაქში მათი ინტერესები დაიცვან და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ჩაერთონ. შესაძლოა, ამგვარ ერთიანობას, პასუხისმგებლობიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს ჩემთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენს ხალხს და არც თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები