მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაფართოვდება

მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაფართოვდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით, ჩვენ გავაფართოებთ შესაბამის პროგრამებს, მათ შორის, ონკომედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, სკრინინგის პროგრამას, შშმ პირთა პერსონალური დახმარების სერვისებს და დავაფინანსებთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიურ კვლევებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის თქმით, საარჩევნო დაპირების შესაბამისად, 2022 წლიდან დაიწყება თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის მედიკამენტებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი წლიური ვაუჩერის  გადაცემაც.

„როგორც იცით, ჩემი საარჩევნო დაპირება იყო თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის მედიკამენტებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი წლიური ვაუჩერის  გადაცემა. ვაუჩერების გაცემა დაიწყება 2022 წლიდან. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს ვაუჩერი გამოიყენონ წლის განმავლობაში, როგორც მოუხერხდებათ და რა საჭიროებაც ექნებათ. შეუძლიათ, აღნიშნული თანხა მთელი წლის განმავლობაში გამოიყენონ, შეუძლიათ – რამდენიმე თვეზე გაანაწილონ. არანაირი შეზღუდვა არ იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ეს და სხვა, მუნიციპალური პროგრამები იქამდე იქნება პრიორიტეტული, ვიდრე დედაქალაქში სოციალური ფონი არსებითად არ გაუმჯობესდება,  ჯანმრთელობაზე გაღებული დანახარჯები მოქალაქეებს ტვირთად არ დააწვებათ და ღირსეული ცხოვრების პირობები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები