სოზარ სუბარი: ისტორიკოსი ვარ და ისტორია არის მეცნიერება, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ, ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი
“თვითონ ისტორიკოსი ვარ და ისტორია არის მეცნიერება, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, მას 900-ზე მეტი ეკლესია აქვს გადარჩენილი და აღდგენილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ისტორია მხოლოდ გმირებს არ იცნობს, იცნობს მოღალატეებსაც.
„თვითონ ისტორიკოსი ვარ და ისტორია არის მეცნიერება, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, მას 900-ზე მეტი ეკლესია აქვს გადარჩენილი და აღდგენილი. ერთი ადამიანი ამაზე დიდ საქმეს ვერცერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს. როცა ვსაუბრობთ იმაზე, სახელმძღვანელოები მოგვწონს თუ არა, რა თქმა უნდა, არ მომწონს, რადგან ისტორიის სახელმძღვანელო ყველაფერს უნდა ასახავდეს, დადებითსაც და უარყოფითსაც. ჩვენ არ გვეცოდინებოდა, სერგო ორჯონიკიძის სახელი, კახაბერ ყორღანაშვილის და სხვა მოღალატეების სახელები, რომ არა ისტორია. ისტორია მხოლოდ გმირებს არ იცნობს, იცნობს, მოღალატეებსაც. ამიტომ, ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი უნდა იყოს იმ მოღალატეების სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, საქართველოს ტერიტორიების 22 პროცენტის ოკუპაცია მოეხდინა და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ოკუპაცია. სტრასბურგში არა მხოლოდ ის დააბრალეს საქართველოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო, არამედ დააბრალეს, რომ საქართველომ საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაარღვია, გამოიყენა აკრძალული იარაღი, მათ შორის, კასეტური ბომბები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს ეს დააბრალეს სტრასბურგის რეზოლუციაში. რომ არა „ქართული ოცნება“, თეა წულუკიანი და მისი გუნდის დაუღალავი შრომა, სტრასბურგის სასამართლოს ვერ მოვიგებდით, იმდენად მძიმე დოკუმენტი იყო დადებული “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 2008 წელს. ისტორიის სახელმძღვანელოში ეს უნდა შედიოდეს ყორღანაშვილის, ორჯონიკიძის, იასე ფალავანდიშვილის და სხვა მოღალატეების მსგავსად”, – განაცხადა სუბარმა.
ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ის ქვეთავები, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება, პროპაგანდისტულია.