რა მდგომარეობაა ქვეყანაში ხორბლის მარაგების მხრივ – ლევან სილაგავას განცხადება

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგების მხრივ მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მაგრამ საყურდღებოა.

ამის შესახებ სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ამ ეტაპზე, ქვეყანაში ხორბლის მარაგები არის, თუმცა, საყურადღებო ტენდენცია მიდის: რუსეთის მიერ ივნისიდან მცურავი ბაჟი იყო შემოღებული. იქიდან დაწყებული საქართველოში ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფქვილის იმპორტი 6-ჯერაა გაზრდილი, შემოტანილი ხორბლის რაოდენობა კი 40 %-ითაა შემცირებული. ეს ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა. სასურსათო უსაფრთხოების მხრივ, გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში 2 თვის მარაგი უნდა იყოს. დღესდღეობით 2-თვიანი მარაგები არ არის, უფრო ნაკლებია. მდგომარეობა მარაგების მხრივ კრიტიკული არ არის, მაგრამ საყურადღებოა. თუ ფქვილის აგრესიული იმპორტი კიდევ რადენიმე თვეს გაგრძელდა და ხორბლის შემოტანა შემცირდა, აღნიშნული ტენდენცია სასურსათო მარაგებს დაეტყობა. ეს ქვეყნებში იწვევს ისეთ ტენდენციებს, რომ თუ ფქვილმა შემოსვლა შეწყიტა, შეიძლება, ქვეყანა გარკვეული კრიზისის წინაშე დადგეს. ფქვილით მარაგები არ კეთდება. მას შენახვის 2-თვიანი ვადა აქვს, ხორბალს კი – მრავალწლიანი. ამიტომ, მსოფლიოში არის ტენდეცია, რომ მარგები ხორბლით კეთდება და არა – ფქვილით.
პრემიერმინისტრს, სამინისტროებს წერილით მივმართეთ. ჩვენ ვადარებთ ფქვილის აგრესიული იმპორტსა და ხორბლის შემოტანის შემცირების ტენდენციებს. ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ქვეყნისათვის ადგილობირი წისქვილ-კომბინატების მუშაობა უფრო ეფექტიანი: როცა წისქვილი მუშაობს, ადამიანები დასაქმებულები არიან, ბიუჯეტში შენატანებია, არის ქატოს გამოშვება, ადგილობრივი წარმოებიდან ხორბლის მიღება. ფქვილის წარმოებას ბიუჯეტში რამდენიმე მილიონი შეაქვს, ფქვილის იმპორტში შენატანი არის მხოლოდ დღგ“, – განაცხადა სილაგავამ.

მისივე თქმით, ფქვილის ღირებულება გაზრდილია.

„სამწუხაროდ, ფქვილის ფასი გაზრდილია. მსოფლიო ბაზრებზე ტენდეცია არის იმისა, რომ მსოფლიო მოსავალი საკმაოდ დაბალი იყო. მოლოდინი კარგი არ არის. აქედან გამომდინარე, კიდევ რამდენიმე გამოწვევაა, რომელიც მთლიანობაში 8 ქვეყანაში ხორბლის კრიზისს უკავშირდება. ავსტრალიაში, რომელიც ერთ-ერთი მწარმოებელია, წყალდიდობა იყო. იქ მოსავლის რაოდენობის შემცირება დიდად არ მომხდარა, მაგრამ ხარისხზე ძალიან სერიოზულად იმოქმედა: სასურსათო ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი საფურაჟეში გადავიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის, რაც სასურსათოა, არასასურსათოში გადავიდა, რომელიც მეცხოველებაში გამოიყენება. შესაბამისად, გარკვეულწილად სასურსათო ხორბლის დეფიციტი შეიქმნა. იგივე ხდება კანადაში. რუსეთს მოსავლის რაოდენობა შეუმცირდა. სხვა ქვეყნებშიც გარკვეული კრიზისებია, მათ შორის, ევროკავშირში. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში, მსოფლიო ბაზარზე ბალანსი დაძაბულია.
სამომავლოდ, ახალი წლიდან კიდევ 2 გამოწვევას ველოდებით: ეს არის ხორბლის ექსპორტზე რუსეთის მიერ კვოტირების შემოღება. ვიცით, რომ მცურავი ბაჟი არსებობს, რომელიც ივნისიდან იყო შემოღებული, რამაც უარყოფითი ტენდენციები გამოიწვია, ამას 15 თებერვლიდან 1-ელ ივნისამდე რუსეთის მიერ კვოტირების მექნიზმის ამუშავება ემატება. გამოცხადდება გარკვეული რაოდენობა და რუსეთი მხოლოდ მას გაიტანს ექსპორტზე. ეს გარკვეული გამოწვევა იქნება.
მეორე გამოწვევა: წლის ბოლოს ელექტრონერგიის სუბსიდირების პროგრამა მთავრდება. გვახსოვს, რომ წლის დასაწყისში ელექტროენერგია გაძვირდა, თითქმის ორჯერ გააძვირა „თელასმა“ და „ენერგო-პრომ“. შესაბამისად, მწარმოებლებს, რომლებიც პირველადი მოთხოვნის პროდუქტს უშვებენ, წისქვილები და პურის ქარხნებიც ამაში შედიოდა, გარკვეულწილად გაძვირებული ელექტროენერგიის ნახევარი სახელმწიფომ დაუსუბსიდირა. ეს პროგრამა მთავრდება, ეს თავისთავად ფქვილის ფასზე აისახება, მეპურეებსაც იგივე გამოწვევა აქვთ“, – განაცხადა სილაგავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები