პრემიერი: ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლა გულისხმობს მისი თითოეული მოქალაქის სრულფასოვან მონაწილეობას განვითარების პროცესებში

ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლა გულისხმობს მისი თითოეული მოქალაქის სრულფასოვან მონაწილეობას განვითარების პროცესებში, – ამის შესახებ პრემიერმინისტრი სოციალურ ქსელში წერს და შშმ პირთა საერთაშორისო დღეს ეხმაურება.

“კონსტიტუციით დადგენილია, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.“

ყველასათვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი. გასულ წელს ბიუჯეტი 37.4 მილიონ ლარს, წელს კი – 40 მილიონ ლარს შეადგენდა. მომდევნო წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად, 52 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გაიზრდება სოციალური მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა სერვისების და ახალი მომსახურებების დაფინანსება.

ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას, ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული, თანასწორი პირობების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად”, – წერს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები