ზაალ უდუმაშვილი: სააკაშვილი პროცესებზე დადის, იმისთვის, რომ საზოგადოებას განუმარტოს ყველა პუნქტი, რომელსაც ივანიშვილის სასამართლო ედავება
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმე, რომელსაც სასამართლო ედავება პოლიტიკურად მოტივირებულია.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის მიზანია, ექსპრეზიდენტმა საზოგადოებას დეტალურად განუმარტოს ის რასაც ედავებიან.
„არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ეს არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ამ პროცესს სხვა მნიშვნელობა და ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. დღეს მიხეილ სააკაშვილს პირადად მიეცემა საშუალება ისაუბროს უშუალოდ ამ საქმეზე და პირადად წარმოადგინოს ის არგუმენტები, რომელიც მთლიანად გააბათილებს იმ ნარატივს, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებას პროკურატურა და სასამართლო აწვდიდა. ჩვენ ველოდებით მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ის ამ პროცესებზე იმიტომ კი არ დადის, რომ მოსამართლეებს და პროკურორებს მიმართოს, მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესებზე მოდის იმიტომ, რომ საზოგადოებას მიმართოს. საზოგადოებას განუმარტოს დეტალურად ყველა ის პუნქტი, რომელიც ამ საქმეში არსებობს და რომელსაც მას ბიძინა ივანიშვილის სასამართლო ედავება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი იმართება. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.