გიგი უგულავას ადვოკატი: დღევანდელ პროცესზე წარვადგენთ უწყვეტ ვიდეომასალას, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ არავითარი სამართალდარღვევა სახეზე არ ყოფილა
“დღევანდელ პროცესზე ჩვენ წარვადგენთ მტკიცებულებებს, უწყვეტ ვიდეომასალას, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ არავითარი სამართალდარღვევა სახეზე არ ყოფილა. ვეცდებით, დავარწმუნოთ მოსამართლეც, რომ გიგი უგულავა არ ცნოს სამართალდამრღვევად”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქციებზე მოქალაქეების მასობრივად დაკავება უფლებების ფეხქვეშ გათელვაა.
“ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლებამ სრული 48 საათის განმავლობაში დატოვა გიგი უგულავა წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ამასთან, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ აქციებზე მოქალაქეების მასობრივად დაკავება არის უფლებების ფეხქვეშ გათელვა კანონის სახელით. სწორედ ამიტომ მოხდა გაზაფხულზე ცვლილებების შეტანა და გამკაცრდა სანქციები როგორც წვრილმანი ხულიგნობისთვის, ასევე, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. დღევანდელ პროცესზე ჩვენ წარვადგენთ მტკიცებულებებს, უწყვეტ ვიდეომასალას, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ არავითარი სამართალდარღვევა სახეზე არ ყოფილა, ვეცდებით, დავარწმუნოთ მოსამართლეც, რომ გიგი არ ცნოს სამართალდამრღვევად”, – აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.