ზაალ უდუმაშვილი: სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო.
“ხელისუფლება იძულებული გახდა, პროცესზე მიხეილ სააკაშვილი მოეყვანა. ჩვენ ხომ ვნახეთ წინა სასამართლო პროცესები, დასწრების უფლება რომ არ მისცეს, ახლა იძულებული გახდა, მათ შორის, იმ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, რომელიც ხელისუფლებაზე მიმდინარეობს. ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა ითხოვდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მისცემოდა უფლება საკუთარი თავი დაეცვა პროცესზე, ამიტომ, დღეს ეს იძულებითი ნაბიჯია და არა ის, რომ სამართლიანობა უნდა იყოს ქვეყანაში. არავის სჯერა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოსი და ამ სასამართლოს სამართლიანობის. ბევრი რამ არის დამოკიდებული ინდივიდუალურად მოსამართლეზე. სასამართლო სისტემა რომ მთლიანად მორჩილია ბიძინა ივანიშვილის, ეს ყველასთვის ცნობილია. დღეს კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა უფლება საზოგადოებას მიმართოს. მიხეილ სააკაშვილი არ ელოდება სამართლიან სასამართლოს, მაგრამ ამ პროცესზე მას საშუალება მიეცემა, რომ საზოგადოებას მიმართოს და კიდევ ერთხელ მოუწოდოს იმ ბრძოლისკენ, რომელმაც, საბოლოოდ, უნდა მიგვიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.