დავით მათიკაშვილი: პრემიერის ინიციატივის მიზანია, სოციალურად დაუცველებმა, შემწეობის მიღებასთან ერთად, მოძებნონ სამუშაო ადგილი და ჩაერთონ ეკონომიკის განვითარებაში

“პრემიერის ინიციატივა გულისხმობს 600 000 სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის სახელმწიფოს მხრიდან ისეთი შეთავაზების გაკეთებას, რომ მათ შეძლონ, შემწეობის მიღებასთან ერთად, მოძებნონ სამუშაო ადგილი და ჩაერთონ ეკონომიკის განვითარებაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რომელთა გადასაჭრელადაც საჭიროა მწყობრი ნაბიჯების გადადგმა.

„ჩვენ ნამდვილად არ გვცალია უაზრო პოლიტიკური კინკლაობისა და იმ დღის წესრიგისთვის, რომელსაც ჩვენ ოპოზიცია გვთავაზობს. სახელმწიფოს წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რომელთა გადასაჭრელადაც საჭიროა მწყობრი ნაბიჯების გადადგმა. პრემიერის ეს ინიციატივა გულისხმობს 600 000 სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის სახელმწიფოს მხრიდან ისეთი შეთავაზების გაკეთებას, რომ მათ, შეძლონ შემწეობის მიღებასთან ერთად, მოძებნონ სამუშაო ადგილი და ჩაერთონ ეკონომიკის განვითარებაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა. შექმნილია სამუშაო ჯგუფი და სახელმწიფო მიაქცევს ამას ყურადღებას. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ცოდნის გაღრმავება და გადამზადება. ჩემი აზრით, ეს ღერძის ფუნქციას იქონიებს. დასაქმების რესურსი აქვს როგორც სახელმწიფოს, ასევე, კერძო სექტორს. პროექტის სათანადო დამუშავების შემდეგ სამუშაო ჯგუფი მოაწყობს პრეზენტაციებს ყველა კონკრეტულ ნიუანსთან დაკავშირებით. ცხადია, ამ ინიციატივას ექნება საპარლამენტო მხარდაჭერაც“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა: „ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ – დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები