სახალხო დამცველი: ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მისცემს შესაძლებლობას, სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მისცემს შესაძლებლობას, ის სასამართლო პროცესს უნდა დაესწროს, თუნდაც – დისტანციურად.

როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებული პრეზიდენტის დასწრება მნიშვნელოვანია.

„შესაძლებელი თუ იქნება და ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაესწროს, თუ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, დისტანციურად, რადგან ჩვენ უკვე შევაფასეთ პირველი სამი პროცესი, სადაც მას არ მიეცა არცერთი ფორმით დასწრების შესაძლებლობა. გარემოებები, რაც წარმოადგინა იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა, არ იყო იმის სამართლებრივი გამართლება, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრეს სასამართლო პროცესზე დასწრებაზე. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ სამ შემთხვევაში მისი უმნიშვნელოვანესი, როგორც ბრალდებულის უფლება, რომ პირადად დაესწროს სასამართლოს და ნებისმიერი სხვა ფორმით საჯაროდ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე, იყო დარღვეული. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირადი ან დისტანციური დასწრება ისე, რომ ეს პროცესი იყოს ღია და საზოგადოებას შეეძლოს, თუნდაც, ტელევიზიის მეშვეობით, ონლაინრეჟიმში ამ პროცესს მიადევნოს თვალი. ანუ პროცესი უნდა იყოს საჯარო, რასაც ითხოვს სტრასბურგის სასამართლო ნებისმიერი პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები