დავით სერგეენკო: დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები
“დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას.
სერგეენკო იმედოვნებს, რომ სამკურნალო პროცესი წარმატებით განხორციელდება და კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება საჭირო არ გახდება.
„მისმა მკურნალმა ექიმმა თქვა, რომ სასურველი იქნებოდა სასჯელის გადავადების შესაძლებლობის განხილვა. მეორე დღეს თქვა, რომ ახლა მთავარია რეფიდინგის პროცესი, რომელიც ნორმალურად მიმდინარეობს და ეს უკვე შემდეგი ეტაპის მსჯელობაა, რაშიც ვეთანხმები. ნაწილობრივ პირველშიც, რადგან ჩემთვის პაციენტის ინტერესები ყველაზე მაღალია. დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები და იმედი მაქვს, სამკურნალო პროცესი წარმატებით წავა და საჭირო არ გახდება კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება. მკურნალ ექიმს მისი პაციენტისთვის უკეთესი ყოველთვის ენდომება, სხვა ექიმებს ეს არ დაუდასტურებიათ, არ მგონია, აქ რაიმე პოლიტიკური თემა იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, პატიმრობა გადავადდეს, იქნებ, გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში“.