გიორგი ცუცქირიძე: წამყვან გლობალურ ინდექსებში მიღწეული პროგრესი ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების აღიარებასა და მის შეუქცევად ხასიათზე მიუთითებს

„ერთმანეთის მიყოლებით წამყვან გლობალურ ინდექსებში მიღწეული პროგრესი ქვეყანაში მიმდინარე სისტემური ტრანსფორმაციის ხასიათზე მიუთითებს. ამის დასტურია გუშინ გამოქვეყნებული, გლობალური “კეთილდღეობის ინდექსი”, სადაც საქართველო 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზე გავიდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ახლა უკვე საერთაშორისო წამყვანი ორგანიზაცია Trace International-ის მიერ, წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე-29-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულში შევიდა,“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგს.
სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ კორუფციის თავისუფლების ინდექსი ითვლება წამყვან ინდექსად, რომელიც მთავრობის ეფექტურობასა და მიმდინარე რეფორმებს ანტიკორუფციული საკანონმდებლო ბაზის, კორუფციის დონისა და ბიზნესის თავისუფლებასთან ერთობლიობაში აფასებს. ამავდროულად, ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონე ითვლება საინვესტიციო მიმზიდველობის თავისებურ გზამკვლევადაც. ამასთან, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში, როგორიცაა “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი”, რაც თუნდაც საინვესტიციო გადაწყვეტილებების დროს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო არა თუ რეგიონის, არამედ ევროკავშირის 13 სახელმწიფოსაც უსწრებს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას.
„ეს მორიგი აღიარება სრულ თანხვედრაშია 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული, მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების ანგარიშის ფარგლებში, ამერიკული გლობალური გამოკითხვების ანალიტიკური ცენტრ Gallup-ის კვლევასთან, რომელიც ერთ-ერთია იმ 30-მდე საერთაშორისოდ აღიარებულ სუბიექტს შორის, რომლებსაც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები ეფუძნება. Gallup-ის შეფასებით, საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით ევროპის თხუთმეტ საუკეთესო ქვეყანაშია შეყვანილი. ნიშანდობლივია, რომ Gallup -ის ახალი, 2021 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო და გერმანიასთან, შვედეთსა და მალტასთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა. ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებით,“ – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.
ეკონომიკურ ექსპერტს მიაჩნია, რომ წამყვან გლობალურ ინდექსებში მიღწეული პროგრესი მიუთითებს ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების აღიარებასა და მის შეუქცევად ხასიათზე, რაც უახლოეს წლებში ეკონომიკური ზრდის მაღალ საპროგნოზო მაჩვენებლებშიც არის ასახული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები