მელია – სააკაშვილის ვიდეოკადრებზე: ეს არის შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა

“ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება. ადამიანისადმი, რომელსაც არ ეძლევა შესაძლებლობა უსამართლო სასამართლოთი სარგებლობისაც კი”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გასაჯაროებულ კადრებს.

მისი შეფასებით, კადრებში ჩანს ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა.

„დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ყოველდღიურად, ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება. ადამიანისადმი, რომელსაც არ ეძლევა შესაძლებლობა უსამართლო სასამართლოთი სარგებლობისაც კი. ადამიანს პროცესზე არ ასწრებენ, არ აძლევენ შესაძლებლობას და უფლებას, სატელეფონო ზარები განახორციელოს. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები არის იძულებითი ნაბიჯი მათ მიერ გადადგმული. მათ იცოდნენ, რომ სხვადასხვა გზით, ადრე თუ გვიან, ეს კადრები გავრცელდებოდა. ისიც იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მათ მოუწევდათ ამ ვიდეოკადრების მიწოდება, დასტურად იმისა, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში. ურთულესი დილემის წინაშე მდგომმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მტკივნეული, რომ თავად გაევრცელებინა ეს კადრები. ეს არის შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა. კადრებში ჩანს ძალადობა, ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მოტყუებით გადაიყვანეს იქ, სადაც მისი გადაყვანა არ შეიძლებოდა. თავისი ნებით თუ მიყვებოდა რუსთავის ციხიდან, პირად ნივთებს ალაგებდა და მშვიდად გამოდიოდა, რა მოხდა, როცა „ბ“ პუნქტში გადაიყვანეს? ეს კითხვა ხომ ლოგიკურად ისმის. პასუხი სჭირდებოდა საზოგადოებას და ვიხილეთ რეჟიმის მიერ გავრცელებული კადრებით“, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები