ექიმმა დავით მიქელაძემ ეროვნულ მუზეუმს რუსუდან დედოფლის ვერცხლის დრამა გადასცა საჩუქრად
საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ექიმმა დავით მიქელაძემ რუსუდან დედოფლის ვერცხლის დრამა გადასცა. ამ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
„საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებს კიდევ ერთი ახალი ექსპონატი შეემატა.
ექიმმა დავით მიქელაძემ, რომელიც გახლავთ მოყვარული კოლექციონერი, ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა რუსუდან დედოფლის ვერცხლის დრამა.
მონეტა მოჭრილია 1230 წელს. ერთ მხარეს გამოსახულია მაცხოვარი, მეორე მხარეს ასომთავრულად სახელი რუსუდანი, ქარაგმით “რსნ”. მონეტას განსაკუთრებულს (იშვიათს) ხდის მაცხოვრის მხარეს გამოსახული ფ (F) ნიშანი არა როგორც დამღა, არამედ როგორც სიქის ნაწილი. ეს გახლავთ უიშვიათესი ეგზემპლარი, რომელიც აქამდე მუზეუმს არ ჰქონია. უნდა აღინიშნოს, რომ მონეტას უფრო მეტად სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საკოლექციო. მონეტა ჩაირიცხა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდში.
ეროვნული მუზეუმი მადლობას უხდის ბატონ დავით მიქელაძეს ასეთი ძვირფასი შემოწირულობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.