კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი” სამი ჯილდოს მფლობელი გახდა
კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი” სამი ჯილდოს მფლობელი გახდა:
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ეს ჯილდოებია: საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან თედიაშვილი; ფიპრესის ჯილდო; ეკუმენური ჟიურის პრიზი;
„მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე.
ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კოპროდუქციაა.