სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნონკონფორმისტი მხატვრების გამოფენა გაიხსნება
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნონკონფორმისტი მხატვრების გამოფენის გახსნისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 5 ნოემბერს, სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნონკონფორმისტი მხატვრების გამოფენა – „თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება” გაიხსნება.
ნიკო ფიროსმანაშვილის 13 მხატვრული ნაწარმოების გვერდით, ფართო საზოგადოებისათვის პირველად ჯგუფურად იქნება ექსპონირებული 6 ნონკონფორმისტი მხატვრის – ავთო ვარაზის, ოთარ ჩხარტიშვილის, თემო ჯაფარიძის, ამირ კაკაბაძის, ვატია დავითაშვილის, ავთო მესხის 50-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, კოლაჟური, ასამბლაჟის და ობიექტის მედიუმში შესრულებული ნამუშევარი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და კერძო კოლექციებიდან.
სახელოვნებო სფეროში ტერმინის – საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნება დამკვიდრება ამერიკელ ეკონომისტს, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორს, ნორთონ დოჯს მიეწერება. ის ცნობილია, როგორც საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების ერთ-ერთი პირველი კოლექციონერი. ნორთონ დოჯი ყიდულობდა 60-იანელ მხატვართა სურათებს და არალეგალურად გაჰქონდა საბჭოთა კავშირიდან. ფაქტობრივად, მან გააცნო დასავლეთს ე.წ. საბჭოთა ანდერგრაუნდის ხელოვნება, რომლის 20 000-მდე ნიმუშია დაცული მის კოლექციაში. მათ შორისაა ქართველ ნონკონფორმისტ ავტორთა ნამუშევრებიც.
60-70-იან წლებში ნონკონფორმისტული აქტიურობით მხატვრებმა – ავთო ვარაზმა, ოთარ ჩხარტიშვილმა, თემო ჯაფარიძემ, ამირ კაკაბაძემ, ვახტანგ (ვატია) დავითაშვილმა, ავთო მესხმა საფუძველი ჩაუყარეს არაოფიციალურ ხელოვნებას საქართველოში, რაც ნიშნავდა ახალი კულტურის ეპოქის დასაწყისს.
მნახველებს გამოფენის ხილვის შესაძლებლობა 2022 წლის 5 მაისამდე ექნებათ.