,,ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
3 ნოემბერს, 18 საათზე, მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. 13) წიგნის – „ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს არის გიორგი სავანელის ფსიქოლოგიური დრამა – „ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“
„ეს წიგნი სავსეა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ტრაგიკული ისტორიის, ფართო აუდიტორიისათვის ჯერ კიდევ უცნობი არა ერთი მოვლენითა და ამბით, სადაც მე-19 საუკუნის უპირველესი პოეტი თავისი მისწრაფებებითა, ბედითა და უბედობით წარმოჩენილია იმ პერიოდის სოციო-პოლიტიკურ ჭრილში და ისტორიული წარსულის გადააზრების კონტექსტში. ამით, მკითხველს საშუალება ეძლევა, აღმოაჩინოს სულ სხვა, და, ამავე დროს, ნამდვილი ნიკოლოზ ბარათაშვილი, სტერეოტიპული წარმოდგენებისაგან განსხვავებული თავისი მისწრაფებებით, ენერგეტიკითა და შინაგანი სამყაროთი.
ეს არის დრამა ორსაუკუნოვანი დისტანციიდან ახლებურად აღქმულ ტრაგიკულ გმირზე, სადაც ავტორი გვიყვება პიროვნული და სახელმწიფოებრივი თავისუფლების იდეისათვის მებრძოლი შემოქმედისა და მოღვაწეობის ჟინით დამუხტული პიროვნების ცხოვრებას.
პიესა ჩაშლილი შეთქმულების თემით იწყება, რაც სიმბოლურად, თავიდანვე განსაზღვრავს მის იდეურ რაკურსსა და ატმოსფეროს, სადაც ერთმანეთს კალეიდოსკოპურად ენაცვლება დრამატული მოვლენები: სოლომონ დოდაშვილის დაპატიმრება და შეთქმულთა გადასახლება, პოეტის ადრეული სასიყვარულო ურთიერთობები, კონფლიქტი სათავადაზნაურო წრესთან, პოეტ ბიძასთან და მამასთანაც კი, ეკატერინე ჭავჭავაძესთან ვნებიანი იდუმალი შეხვედრები, დაშორება, ხელახალი შერიგება და გარდაუვალი იმედგაცრუება, პოეტის იძულებითი სამსახური და „ცარიზმის“ ჩინოვნიკთა მიერ ბარათაშვილების ოჯახის განაჩენად გადაწყვეტილი სიღატაკე, „ბედი ქართლისას“ ავტორის პოლიტიკური ნიშნით შევიწროება, განჯაში სამუშაოდ წასვლის პერიპეტიები და მისი სიცოცხლის უკანაკნელი, შემაძრწუნებელი წუთები. ამ ატმოსფეროში მკითხველისათვის ცოცხლდება ბარათაშვილის ყოფიერი და წარმოსახვითი სამყაროს პარალელურად თანაარსებობის კონფლიქტი.
ეს არის წიგნი მათთვის, ვისთვისაც ჯერ კიდევ სულ ერთი არ არის ჩვენი წარსული, კონიუნქტურის გავლენით მტვერწაყრილი ისტორიული სიმართლე და ეროვნული გმირები“, – აღნიშNულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნაწარმობის გაცნობა საინტერესო იქნება ფართო მკითხველისათვის, ხოლო განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება ქართული ლიტერატურითა და ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის, ჰუმანიტარული მიმართულებების სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის.