გია ვოლსკი: აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ვერ გეტყვით
“აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ამას ვერ გეტყვით. 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი სიმბოლო „ნაცმოძრაობის“ სადისტური სახის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან აქციების შემოთავაზება უკავშირდება იმას, რომ საქართველოს წინააღმდეგ არსებობს გარკვეული შეთქმულება, დესტაბილიზაცია.
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გრიგალის პირობებში ცხოვრობს საქართველო. ბოლო პერიოდში, ეს დაძაბულობა ახალ მუხტს იღებს, საქართველოში ოპოზიცია როგორც ასეთი, მისი უმრავლესი ნაწილი არ ასრულებს თავის მოვალეობას და მთავარი თემა იმ დღის წესრიგიდან არგამოსვლაა, რაც სააკაშვილმა შესთავაზათ – რევოლუცია, დესტაბილიზაცია. ოპოზიციას ამ ყველაფრის გადახედვა მართებს. მათ საკმაო ინტელექტუალური რესურსიც არ აქვთ იმისათვის, რომ განახორციელონ ეფექტური მართვა ამ პროცესების, ჩაერთონ ეკონომიკურ, სოციალური საკითხების განხილვაში. აქედან გამომდინარე, აქციების შემოთავაზება უკავშირდება იმას, რომ საქართველოს წინააღმდეგ არსებობს გარკვეული შეთქმულება, დესტაბილიზაცია. ეს არის გეგმა და ფეხდაფეხ ვითარდება ეს პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან ერთად. აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო, თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ამას ვერ გეტყვით. 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი სიმბოლო „ნაცმოძრაობის“ სადისტური სახის. შემთხვევით არაფერი ხდება და თარიღების დამთხვევა შემთხვევითობას არ მიეწერება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ოპოზიციამ საპროტესტო აქცია ჯერ 7 ნოემბერს დააანონსა, შემდეგ კი თარიღი 6 ნოემბრით შეცვალა.