ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

2 ნოემბერიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ნიკო ფიროსმანის ექსპოზიციასთან ერთად, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ირაკლი ფარჯიანის 80 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) სამუზეუმო და კერძო კოლექციებიდან. მათი ნაწილი, დაახლოებით 30 ცალი, პირველად იქნება ექსპონირებული. გამოფენის მსვლელობის პერიოდში გამოიცემა კატალოგი.
ირაკლი ფარჯიანი ნიკო ფიროსმანის პრემიის ლაურეატია. ორი დიდი მხატვრის შემოქმედების პრეზენტაცია ერთ საგამოფენო სივრცეში მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების საინტერესო კონტექსტს გვთავაზობს. მონაწილეთა მნიშვნელობით გამორჩეული ეს პროექტი საინტერესოა პარალელების და განსხვავებების, ინდივიდუალობისა და ურთიერთზეგავლენის აღმოჩენის, ხელოვნების პროცესის შეფასების და კულტურული მემკვიდრეობის გადააზრების თვალსაზრისით.
ირაკლი ფარჯიანი ქართულ მხატვრობაში აღადგენს რელიგიურ თემას, რაც ფიროსმანის შემდეგ შეწყვეტილი იყო საბჭოთა იდეოლოგიის გამო; მხატვრული და სტილისტური თვალსაზრისით მათი შემოქმედება სრულიად განსხვავებულია, მაგრამ მსგავსია პოზიციით – კულტურის საშუალებით გამოხატონ ჰუმანისტური და ეგზისტენციალური საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები