ანგელა მერკელს მუზეუმის ეზოში ქანდაკება დაუდგეს

16-წლიანი მმართველობის შემდეგ ანგელა მერკელი ტოვებს სახელმწიფო მეთაურის პოსტს და გერმანელი ხალხის მადლიერებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობთ, თუ ამ ქვეყანაში მოხვდებით. გერმანიის ავტორიტეტი როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში ბევრწილად გაზარდა ამ გონიერმა ქალმა. მისი ჰუმანური და ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკით განსაკუთრებით მადლიერია ახალგაზრდა თაობა, რომელიც თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად ახორციელებს საკუთარ ქვეყანაში და უკეთესი ცხოვრების მოლოდინი აქვს. ეს რწმენა და ატმოსფერო დაამკვიდრა თავისი პოლიტიკით მერკელმა ადამიანებში, რაც მას სამართლიანად უმკვიდრებს თანამედროვეობის უბადლო სახელმწიფო მოღვაწის სტატუსს.
ანგელა მერკელის მიმართ აღფრთოვანება საგრძნობია სრულიად არაპოლიტიკურ სეგმენტშიც. მოქადაკე ვილჰელმ კოხი, რომელიც, ამასთან ერთად, ბავარიის პატარა ქალაქის ეტსდორფის მუზეუმის დამაარსებელი და დირექტორიც არის, არცერთი პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა და არც ფინანსური დახმარება დასჭირვებია ოდესმე მათგან. თუმცა ამას მისთვის სულაც არ შეუშლია ხელი მერკელის სკულპტურის შექმნაში. ამ პიროვნების საქვეყნო მნიშვნელობა და მოღვაწეობა გაცილებით ძვირფასი აღმოჩნდა და სწორედ ამან გადააწყვეტინა, თავისი მხატვრული ჩანაფიქრი სინამდვილედ ექცია.
მერკელის ქანდაკება სიმაღლით 2 მეტრი და 70 სანტიმეტრია და ტონანახევარს იწონის. სკულპტორმა ცხენზე დასვა აღიარებული პოლიტიკოსი, შიშველ ცხენზე, რომლსაც არც უნაგირი ადგას და არც აღვირით მართავს მხედარი. მოქანდაკემ სკულპტურა მწვანე მოლზე, მიწასთან ახლოს დადგა. მას პედესტალი არ გაუკეთა, რადგან ფიქრობს, რომ პოლიტიკოსი, რომელმაც ასე გააადამიანურა პოლიტიკა და ასე ახლოს მივიდა ხალხის გულთან, მიუწვდომელი არ უნდა იყოს და მაღლიდან არ უნდა დასცქეროდეს მის სახილვეად მოსულ ადამიანებს.
ვილჰელმ კოხი არ ფიქრობს, რომ ეს ქანდაკება სამუდამოდ ტემპელ მუზეუმის(ასე ჰქვია ეტსდორფის მუზეუმს) ეზოში დატოვოს. გეგმაში აქვს, რომ ექვს თვეში გაყიდოს იგი, მიღებული თანხა კი მუზეუმის საჭირებებს მოახმაროს.
ყველა მოელის, რომ მოთხოვნა მერკელის ქანდაკების მიმართ მზარდი იქნება და მას ის მსურველი დაეუფლება, ვინც მასში მეტს გადაიხდის.
მართალია, მერკელი მალე აღარ იქნება ქვეყნის მეთაური, მაგრამ მისი სახელით კეთილი საქმეები და მიზნები კვლავაც შეისხამს ფრთებს. ეს ის იდეალური შემთხვევაა, როცა პოლიტიკოსი მოღვაწის სტატუსით შედის ისტორიაში! ამიტომაც არის ანგელა მერკელი თანამედროვეობის მისაბაძი, მუდამ თვალწინ საყოლიო მოღვაწე და პოლიტიკოსი.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები