საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკა ჟურნალ „ანეულს“ მასპინძლობდა

საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა შეხვედრა ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ რედკოლეგიასთან.
საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში სტუმრად იმყოფებოდნენ: ჟურნალ „ანეულის“ დამაარსებელი და რედაქტორი, პოეტი თამარ შაიშმელაშვილი; პოეტი, ჟურნალის შემოქმედებითი გაერთიანების წევრი თემურ ჩალაბაშვილი; ჟურნალის შემოქმედებითი გაერთიანების წევრი, ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე.
სტუმრებმა ბიბლიოთეკას ჩაუტანეს ჟურნალის ახალი ნომრები, რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულთა კრებული – „ერთი მოთხრობა“, სადაც გაერთიანებულია ათი წლის მანძილზე გამარჯვებული მოთხრობები.
შეხვედრა საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ ჟურნალი ყველასათვის ძვირფასი მწერლის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მიწა-წყლის მკვიდრის, რევაზ ინანიშვილის სახელს ატარებს. 2013 წლიდან დღემდე პერიოდულად გამოიცემა და ერთგულად აგრძელებს ქართული მწერლობის მაგისტრალურ ხაზს. ამ დღეებში ჟურნალის 32-ე ნომერი გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“ არსებულ რევაზ ინანიშვილის სახელობის კონკურსს დიდ მხარდაჭერას უწევს საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი ბესიკ ღვინაშვილი.
სტუმრებმა ისაუბრეს კონკურსის დიდ მნიშვნელობაზე ქართულ სალიტერატურო სივრცეში, რომლის მეშვეობითაც რევაზ ინანიშვილის ახალი სიცოცხლე გრძელდება.  ჟურნალის მეორე გაფორმებულია საგარეჯოელი მხატვრის – თამარ იორამაშვილის შესანიშნავი სურათებით, დაბეჭდილია მასთან ინტერვიუ.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: ახალგაზრდა დამწყები პოეტი მარიამ ოზგელდაშვილი და საგარეჯოს თეატრის მსახიობი პაატა ქვლივიძე.

სპეციალურად ამ დღისთვის, მოეწყო თეა ქურხულის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, რამაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა დღევანდელ ღონისძიებას. სიტყვით გამოვიდა ალექსი არაბული, რომელმაც თბილი სიტყვები არ დაიშურა მოწვეული სტუმრების მისამართით.
შეხვედრის ბოლოს, ბესიკ ღვინაშვილმა მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა საპატიო სტუმრებს და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები