„მიწის სუნი“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ინდიგოსა და მწერალთა სახლის თაოსნობით, ორ პარალელურ სივრცეში – თბილისსა და ცხინვალში წიგნ „მიწის სუნის“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „მიწის სუნი“ ქართულ-ოსური კონფლიქტის ეპიზოდებს, ორი ომის ამბებს ჰყვება.
„წიგნი რამდენიმე კითხვითაა შთაგონებული. ჩვენ გვინდოდა, წაგვეკითხა ტექსტები ისე, თითქოს არ არსებობს მიზიდულობის ცენტრები. გვინდოდა, გვენახა რა ხდება მაშინ, როდესაც ორიენტაციას კარგავ. სად პოულობ, ან ეძებ თუ არა პირობით მხარეს, როდესაც ომზე ადამიანების მოგონებებს ისმენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
წიგნის ავტორები არიან – ნინო ლომაძე, ზარინა სანაკოევა.
წიგნის მასალებზე ასევე მუშაობდნენ: თამარა მეარაყიშვილი, თამარ ბაბუაძე, თეო ქავთარაძე, თომა სუხაშვილი, საბა წიწიკაშვილი, დეა ტატიაშვილი.
წიგნი ნაწილია შვეიცარიის მიერ მხარდაჭერილი პროექტისა „მეხსიერების გაცოცხლება“, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის გარშემო მეხსიერებას იკვლევს და ადამიანების გამოცდილებას ციფრულ და ფიზიკურ საცავებში უყრის თავს. პროექტი მიზნად ისახავს ოცდაათი წლის წინანდელი პერიოდისა და ასევე კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ საზოგადოებრივი დისკუსიის გაგრძელებას.