გიორგი ცუცქირიძე: არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში, ოპოზიცია თბილისის კოალიციურ მთავრობად წოდებული ჩრდილოვანი კაბინეტის პროპაგანდირების რეჟიმზე გადავიდა

“არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში, ოპოზიცია თბილისის კოალიციურ მთავრობად წოდებული ჩრდილოვანი კაბინეტის პროპაგანდირების რეჟიმზე გადავიდა. გარდა უკვე გამარჯვების იმიტაციისა, იგი როგორც ჩანს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩაფლავებული ოდისეის გადაფარვასაც ემსახურება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სააკაშვილის შიმშილობა ფაქტიურად დასრულდა, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მას არ მოყოლია რაიმე მეტ-ნაკლებად სერიოზული განცხადებები”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“თბილისში მთელი რესურსების გადმოსროლასაც აქვს თავისი კონტექსტი. უხვი, პოპულისტური დაპირებებიც, მათი გამარჯვების შემთხვევაში ცვლილებების ფონის შესაქმნელად არის გამიზნული, ისევე როგორც დღევანდელი ფეიკ აურზაური, სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელების თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან ზუგდიდში გადასროლაზე.

შემთხვევითი არც ის გარემოებაა, რომ მელიას მიერ შემოთავაზებულ თბილისის იმიტირებულ მთავრობაშიც, ე.წ პარტიული ტელევიზიების მიერ, ყველაზე გაპიარებული პარტიული სახეები, რომ არიან წარმოდგენილი. როგორც ჩანს, სხვა დიდ ქალაქებში ნაკლებ ცნობადი სახეებით მომავალი მთავრობების შემოთავაზება ნაკლებად მომგებიანად ჩაითვალა, როგორც ადამიანური რესურსების სიმცირის, ისე პიარულად, და პოლიტიკურადაც.

თბილისზე მთელი აქცენტების გადატანით, “ნაციონალური მოძრაობა”, წარმოდგენილი ოპოზიციური ფლანგით, ფაქტობრივად კი გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა მიდის ვა ბანკზე დედაქალაქის მოსაგებად და სიტუაციის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გასაყვანად. მართალია, საკრებულოში უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარი გათვლაც ამაშია.
ჰიპოტეტურადაც, რომ დავუშვათ თბილისის მერად მელიას არჩევა, წარმოქმნის პერმანენტულ კრიზისებს საკრებულოსთან მიმართებაში, ბიუჯეტის თუ გნებავთ მთავრობის წევრების დანიშვნისას, რაც დედაქალაქის პარალიზებას გამოიწვევს, თუნდაც მომსახურების სერვისების მიმართულებით.

ფაქტიურად, ეს ე.წ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა მიდის რა ვა ბანკზე, თბილისის წაგებისას, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, წააგებს ყველაფერს, რისი წაგებაც შესაძლებელია პოლიტიკურად, რენომეს თვალსაზრისით და მომავლის მრუმე პერსპექტივითაც. ამ შემთხვევაში უკვე აგებს არა მელია, არამედ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, მასთან აფილირებული ერთიანი ოპოზიცია. ამ შემთხვევაში, ოპოზიცია, ვერც სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას შეძლებს, პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად მინავლური საერთაშორისო პროტესტის გასააქტიურებლად, და ვერც საპროტესტო მოძრაობის აგორებას მოახერხებს.

სამაგიეროდ, “ქართულ ოცნებას” აქვს შესანიშნავი შანსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უპირატესობით კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, ამ წლის ბოლომდე დაასრულოს პოლიტიკური აურზაურიც და სიტუაციაც წყნარად გადაიყვანოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ნიშნულზე.

დრო კი არც ისე ბევრი, სულ რაღაც ერთი კვირაა დარჩენილი. წიწილებსაც შემოდგომაზე ითვლიან”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები