როგორ ექცევა სირია შინ დაბრუნებულ ლტოლვილებს – მძიმე ისტორიები ადამიანების პირადი ცხოვრებიდან

სირიელ ლტოლვილებს სახლში დაბრუნებისას ძალადობა, სიღარიბე და მთავრობის მხრიდან თვალთვალი ელოდებათ. სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი თანამოქალაქეებს უკან, სამშობლოში დაბრუნებას მის ასაღორძინებლად უხმობს, მაგრამ სირია არ არის მათთვის უსაფრთხო. როგორც Amnesty International-მა (საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს) გამოაცხადა, სირიის ხელისუფლება ყველა დაბრუნებულს მტრად აღიქვამს.

„ისტორიები წამების, ძალადობის შედეგად გაუჩინარებისა და უხეში მოპყრობის შესახებ იმ ლტოლვილების წინააღმდეგ, რომლებიც სირიაში დაბრუნდნენ, თვალნათელს უნდა ხდიდეს, რომ სირია არ არის უსაფრთხო“,- აცხადებს Amnesty International-ის ეგიდით მომზადებული ანგარიშის ავტორი ნადია ჰარდმანი.

„გვიბრძანეს, რომ სალაჰი აღარ გვეძებდა, გვითხრეს, რომ ის მკვდარი იყო“

სანამ ომი დაიწყებოდა, ჰალიმა ცხოვრებას არ უჩიოდა. ის მეუღლესთან ერთად სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული – ქირაობდა და ამუშავებდა მიწებს, ჰყიდდა მოსავალს. ისინი ზრდიდნენ შვილებს და 6-სულიან ოჯახს უძღვებოდნენ. ომი 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო. აღმოსავლეთ გუტა, სადაც ჰალიმა ცხოვრობდა, დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა – შეიარაღებული ძალები, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ასადს დაუპირისპირდნენ, ზუსტად დამასკოს ამ გარეუბანში განლაგდნენ.

„დაბომბვა სრულიად მოულოდნელად ხდებოდა. ყიდულობ რაღაცას მაღაზიაში ან ბავშვები მიგყავს ბაღში და უცებ კვდები. მშვიდობიან მოსახლეობას ჩემს თვალწინ კლავდნენ. ეს აუტანელი იყო,“ – ამბობს ჰალიმა.

ოჯახმა მეზობელ ლიბანში გადაწყვიტა გაქცევა – ქვეყანამ სირიელი ლტოლვილების მიღება გადაწყვიტა, რომლებიც ომს გაურბოდნენ, მაგრამ საზღვრის გადაკვეთა ყველამ ვერ შეძლო. სალაჰი, ჰალიმას უფროსი ვაჟი, სირიაში დარჩა.

„მას შეეშინდა საზღვრის გადაკვეთა. ვშიშობდით, რომ მესაზღვრეები დააკავებდნენ და ძალით გაგზავნიდნენ ჯარში.“

ლიბანში ოჯახმა დროებითი საცხოვრებელი მიიღო, ცოტაოდენი ფული და საკვები – დახმარება მათ „გაერომ“ გაუწია. თავიდან საქმეები კარგად მიდიოდა და ჰალიმა მხოლოდ შვილებზე ღელავდა. თანაც, უფროსი ბიჭის გამოყვანას ცდილობდა სირიიდან. მან შუამავლიც კი იპოვა უფროსი ვაჟისთვის.. ის დაჰპირდა, რომ სალაჰს საზღვარზე გადმოიყვანდა.

„მან სალაჰი სამხედროებს მიუყვანა. ის მაშინვე დააკავეს. სალაჰი არ ებრძოდა რეჟიმს, არ მიეკუთვნებოდა რომელიმე კონკრეტულ დაჯგუფებას. ის ბლოკპოსტზე აიყვანეს, რომელსაც სამხედროები დარაჯობდნენ“.

ჰალიმა ოჯახით სირიაში დაბრუნდა ვაჟის მოსაძებნად.

„ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მივედით – გვიბრძანეს, რომ აღარ გვეძებნა სალაჰი, გვითხრეს, რომ ის უკვე მკვდარი იყო. ვცდილობდი, რაიმე გამერკვია სამხედრო პოლიციისგან, ფულიც კი მივეცი მათ, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ამდენი წლის მერე არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი“.

ამ გამოუვალ ვითარებაში ჰალიმამ გადაწყვიტა, ლიბანში დაბრუნებულიყო და ოჯახის სხვა წევრები გადაერჩინა. იმ შემთხვევისთვის, თუ საზღვარზე ფულის გადახდა მოუწევდა, მან შეაგროვა მილიონი ლიბანური ფუნტი. ეს ყველასთვის საკმარი იყო, გარდა მისი მეუღლისა. ოჯახურ საბჭოზე გადაწყდა, რომ ის სირიაში დარჩებოდა, შეაგროვებდა ცნობებს უფროსი ვაჟის შესახებ და ფულსაც გამოიმუშავებდა – ლიბანში დასაქმება არ ხერხდებოდა. ოჯახი მამას გამოემშვიდობა.

შორს წასვლა ვერ მოხერხდა, ისინი ყველანი საზღვარზე დააკავეს.

„დაგვიწყეს დაკითხვა: რისთვის მიდიხართ ლიბანში? რას აკეთებდით, სანამ დაბრუნდებოდით? იღებდით თუ არა მონაწილეობას პოლიტიკურ საქმიანობაში? სირიაში თავს ცუდად გრძნობთ? იქ დაკითხვის დროს სამხედრო პოლიციაც მოვიდა. მათ ჩემი მეორე ვაჟი დააკავეს. მისი ნების საწინააღმდეგოდ ომში წაიყვანეს. მე ორი ვაჟი დავკარგე“.

ფული დანარჩენებს საზღვრის გადალახვაში დაეხმარა. ახლა ჰალიმა პატარა ოთახში ცხოვრობს, პირდაპირ  სახურავის ქვეშ, ოთხ შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად. მისი მეუღლე ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს ოჯახს, მაგრამ ფული საკმარისი არ არის.

„მეორე ვაჟთან კონტაქტი ხერხდება, მაგრამ როგორაა მისი საქმეები, ტელეფონზე სიმართლეს ვერ ამბობს, ძალიან ეშინია.“

„რატომ არ ბრუნდებით იქ, საიდანაც ჩამოხვედით?“

იუსუფ ბაკდაში ამბობს, რომ იმ თავდასხმების დროს, რომელთაც ასადის ჯარები ხელმძღვანელობდნენ, მან ძმა და ფეხი დაკარგა. მათგან განსხვავებით, ვინც სახმელეთო საზღვრის გადალახვას ცდილობდა, იუსუფს ევროპაში მოხვედრა სურდა და მეგობრებთან ერთად თურქეთში შეაღწია, იქიდან ნავით – საბერძნეთში, სადაც პოლიციას ჩაბარდა. მას გაუმართლა და საიმიგრაციო ბანაკში არ გაგზავნეს, რაღაც დროის შემდეგ მან დანიაში გადაინაცვლა, სადაც დროებითი ცხოვრების უფლება მიიღო.

უკვე 6 წელია იუსუფი დანიაში ცხოვრობს და ადგილობრივ აქტივისტად ითვლება – სირიელი ლტოლვილებისთვის ღონისძიებებს გეგმავს, ეხმარება მათ ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციაში. მაგრამ, 2021 წლის გაზაფხულზე დანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სირიის ზოგიერთი რაიონი უსაფრთხო იყო ცხოვრებისთვის და 200-ზე მეტ სირიელ ლტოლვილს, რომელსაც სირიაში დაბრუნება არ სურდა, დანიაში ცხოვრების უფლება ჩამოართვა. ძირითადად, ეს მოხუცები და ქალები იყვნენ, რომლებმაც დანიაში ცხოვრების უფლება უშუალოდ ომის გამო მიიღეს. მამაკაცები, რომელთა ჯარში გაწვევაც შეიძლებოდა, დანიის კანონის მიხედვით, სხვა კატეგორიაში გადიოდნენ და მათ ეს პრობლემა ჯერ არ შეეხოთ. იუსუფი თვლის, რომ ასეთი მიდგომით, მთავრობა ამომრჩეველთა გულის მოსაგებად მოქმედებს. ამავდროულად, ამბობს, რომ დანიაში არასდროს ყოფილა დისკრიმინაციის მსხვეროლი, თუ არ ჩათვლის გასულ თვეს მომხდარ შემთხვევას.

„ერთმა ადამიანმა ხელი ჰკრა ჩემს მეუღლეს და დაიყვირა: რას აკეთებს საერთოდ აქ? რატომ არ ბრუნდებით იქ, საიდანაც ჩამოხვედით? მაგრამ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო. ძირითადად, ყველა ძალიან მეგობრულად გვექცევა.

შეუძლებელია ნორმალური ცხოვრება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, როდესაც მუდმივად დეპორტაციის რისკის ქვეშ ხარ. თუ დააკვირდებით, დანიის გარდა, არცერთი ევროპული ქვეყანა არ დევნის სირიელებს.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები