გია ვოლსკი: ვოცნებობ იმ დროზე, როცა ვიკამათებთ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ არ გვექნება ადამიანური დამოკიდებულების ის სიმძიმე, რომელიც დღეს გაგვაჩნია

“სააკაშვილი არის ის მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის საზოგადოებებს შორის კეთილი ურთიერთობების დამყარებას”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჯარო მოხელეებისადმი მიმართვას.

მისივე თქმით, არაგულწრფელია იმ პოლიტიკოსების განცხადებებიც, რომლებიც ორივე მხრიდან გულწრფელი შერიგების საჭიროებაზე საუბრობენ.

“არაგულწრფელია განცხადებებია, სადაც ცდილობენ, ამომრჩეველს თავი მოაწონონ იმ კუთხით, რომ ორივე შეჯახებულ მხარეს სიკეთისკენ მოუწოდებენ, როგორც დღეს იაგო ხვიჩიამ განაცხადა ამის თაობაზე. გეგონება, რომელიმე კანონპროექტი, რომელსაც აფრიალებდა, წაკითხული ჰქონდეს, როცა ამბობდა, რა აზრი აქვს ამას ყველაფერსო. მე არ მინდა, ალეკო ელისაშვილს იგივე დავაბრალო, მაგრამ, აბა, თვითონ მოგვცეს ფორმატი და მიმართულება, სად შეიძლება, საერთო ენა გამოვნახოთ ან როგორ შეიძლება, ავუხსნა საერთო ენის გამოძებნის საშუალება ადამიანს, რომელსაც შვილი მოუკლეს. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა პოლიტიკოსების ახალ თაობას შეუძლია. ამ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე. რეალურად, სააკაშვილი არის ის მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის საზოგადოებებს შორის კეთილი ურთიერთობების დამყარებას. მე ვოცნებობ იმ დროზე, როცა ვიკამათებთ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ არ გვექნება ადამიანური დამოკიდებულების ის სიმძიმე, რომელიც დღეს გაგვაჩნია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები