არჩილ თალაკვაძე: გიორგი მარგველაშვილის განცხადება არათანმიმდევრულია
“თავად ამბობს, რომ წლების განმავლობაში „ნაცმოძრაობას“ ებრძოდა და დღეს მხარს უჭერს იმავე პოლიტიკურ გუნდს, რომელიც წარსულში მიაჩნდა უმძიმეს დანაშაულებში დამნაშავედ“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურზე ოპოზიციას ირჩევს.
თალაკვაძის თქმით, მარგველაშვილის განცხადება არათანმიმდევრულია.
„გიორგი მარგველაშვილის განცხადებას აღვიქვამ, როგორც არათანმიმდევრულ განცხადებას. მით უმეტეს, როცა ამ დროისთვის ის არ არის არცერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და, როგორც თავად აცხადებს, გარკვეული როლი აქვს, როგორც ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან არ იყო მართებული, როცა მეორე ტურზე ასეთი განცხადება გააკეთა. სჯობდა, მას პირდაპირ ეთქვა, რომელ ოპოზიციურ პარტიას უჭერს მხარს, რადგან საზოგადოებამ მაინც დაინახა და მისი განცხადება პირდაპირ ითარგმნება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. თავად ამბობს, რომ წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა და დღეს მხარს უჭერს იმავე პოლიტიკურ გუნდს, რომელიც წარსულში მიაჩნდა უმძიმეს დანაშაულებში დამნაშავედ, ეს არის არათანმიმდევრული“, – განაცხადა თალაკვაძემ.