სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაშელეს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

“პრეზიდენტმა უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევისა და გელა გოჭოშვილის შესახებ ისაუბრა.

აღინიშნა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის ფაქტი, როგორც ეთნიკური დისკრიმინაციის ნიშანი.

საუბარი შეეხოს საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს და პოლიტიკური გარემოს ღრმა პოლარიზაციას, რომელსაც ამძაფრებს და ზრდის ფეიკნიუსები.

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ არჩევნებში ქალების არასაკმარისად ჩართულობას გაუსვა ხაზი .

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პანდემიის დამარცხებაში მსოფლიო სოლიდარობისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მექანიზმებზე.

უმაღლესმა კომისარმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები