გია ვოლსკი: სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურა ნამდვილად არის, მაგრამ ძალიან თვალსაჩინო და ყველასთვის ცნობილია გარკვეული დანაშაულები, რომელიც მან ჩაიდინა
“პოლიტიკურად მოტივირებული იქნებოდა საქმეები მაშინ, რომ არ არსებობდეს თანამედროვე ისტორიაში გავლილი ის მძიმე პერიოდი, როდესაც წამება, სიცოცხლის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია დანაშაულებები, რის გამოც სააკაშვილი საპატიმროშია.
“მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურა ნამდვილად არის, მაგრამ ძალიან თვალსაჩინო და ყველასთვის ცნობილია გარკვეული დანაშაულები, რომელიც მან ჩაიდინა. ის ყველა დანაშაულზე გასამართლებული არ არის. მთლიანად სისტემა შექმნა, მათ შორის, საპატიმროებში, როცა ადამიანის წამება, სიცოცხლის და ჯანმრთელობის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო და თუნდაც შიმშილობას ვერც ვერავინ გაბედავდა. ამას სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება ადასტურებს და პოლიტიკურად მოტივირებული იქნებოდა საქმეები მაშინ, რომ არ არსებობდეს თანამედროვე ისტორიაში გავლილი ის მძიმე პერიოდი, როდესაც წამება, სიცოცხლის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამის ათასობით მაგალითი შეიძლება, მოვიყვანოთ. ამ ყველაფერს სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა ედგა სათავეში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.