იაგო ხვიჩია – “ქართულ ოცნებას” და “ნაცმოძრაობას”: სააკაშვილი საქართველოში თქვენ ჩამოიყვანეთ – გილოცავთ ქართველ ხალხზე ამ ბრწყინვალე გამარჯვებას
“მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თქვენ ჩამოიყვანეთ, საქართველოს მოსახლეობას თვალწინ აუფრიალეთ და ამით არჩევნები თქვენ და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ურთიერთშეთანხმებით წაიღეთ”, – ასე მიმართა “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საპარლამენტო უმრავლესობას.
მისი თქმით, სააკაშვილი ციხეში ცოტა ხნით ზის.
“ჩემი აზრით, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ კიდევ სამი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ეს გენიალური დუეტი ჰყავდეს – გილოცავთ ქართველ ხალხზე ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თქვენ ჩამოიყვანეთ, საქართველოს მოსახლეობას თვალწინ აუფრიალეთ და ამით არჩევნები თქვენ და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ურთიერთშეთანხმებით წაიღეთ. ახლა მიხეილ სააკაშვილი ციხეში ცოტა ხნით ზის და შემდეგ უკრაინაში ან სხვაგან დაადეპორტებთ. ამ ტრიუკმა ამჯერად იმუშავა და მინდა, მოგილოცოთ, მაგრამ მოგცემთ რჩევას, რომ ამ ტრიუკის გამოყენება უკვე სარისკოა. მომავალში მიხეილ სააკაშვილს თავი დაანებეთ – კაცმა არ იცის, მომავალში დაგიჯერებენ თუ არა, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა“ გებრძვით. დროა, იფიქროთ თქვენს 2012 წლის დაპირებაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ აქტუალური პოლიტიკური ძალა არ იქნებოდა“, – მიმართა “ქართული ოცნების“ წევრებს იაგო ხვიჩიამ.